2024 წლის 1 დეკემბერს, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკომისია განახლებული შემადგენლობით დაიწყებს მუშაობას. მედიის ცნობით, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა 20 ნოემბერს შეძლეს შეთანხმების მიღწევა ევროკომისიის განახლებული შემადგენლობის საკითხზე.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბოლოო კენჭისყრა 27 ნოემბერს, სტრასბურგში შედგება.
ევროპარლამენტში მოსმენების დროს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტების პოსტზე ექვს კანდიდატს - ესტონელი კაია კალასი, იტალიელი რაფაელე ფიტო, რუმინელი როქსანა მინზატუ, ფრანგი სტეფან სეჟურნე, ესპანელი ტერეზა რიბერა და ფინელი ჰენა ვირკკუნენი - მხარდაჭერასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნა.
სოციალისტებს არ სურდათ იტალიის მმართველი პარტიის, "იტალიის ძმების" წევრის, რაფაელ ფიტოს კანდიდატურის დამტკიცება.
ამავდროულად, მემარჯვენე-ცენტრისტული "ევროპის სახალხო პარტია" (EPP) ეწინააღმდეგებოდა ესპანეთის ამჟამინდელი გარემოს დაცვის მინისტრის და სოციალისტი ტერეზა რიბერას კანდიდატურას, რომელსაც ბრალად ედება ვალენსიაში ბოლო კატასტროფული წყალდიდობის დროს უმოქმედობა.
"ყველას შეუძლია გამოხატოს ძლიერი სათქმელი ევროპის მომავალზე. სოციალისტებს ძლიერი დოსიეები აქვთ. ლიბერალებს აქვთ ძლიერი დოსიეები, EPP ლიდერობს და [ჰყავს] ბევრი კომისარი და ასევე იტალია უნდა იყოს კომისიის მთელი მომავალი ხელისუფლების ნაწილი." - თქვა "ევროპის სახალხო პარტიის" ლიდერმა მანფრედ ვებერმა ოთხშაბათს, შეთანხმების გამოცხადების შემდეგ.
EPP-სა და ფონ დერ ლაიენს 14 კომისარი ეყოლებათ.
ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური უნგრეთის ულტრამემარჯვენე კომისრობის კანდიდატის, ოლივერ ვარჰელის დამტკიცება, რომელსაც საპარლამენტო მოსმენების შემდეგ მოლაპარაკებებში ჩამოერთვა გარკვეული პასუხისმგებლობა. ვარჰელი პასუხისმგებელი იყო ბლოკის გაფართოების პოლიტიკაზე ფონ დერ ლაიენის პირველი ვადისას და ახლა ბევრად ნაკლებად გავლენიან თანამდებობაზე, ჯანმრთელობასა და ცხოველთა კეთილდღეობის კომისრის პოზიციაზე მოიაზრება.