ეუთოს 37 წევრი სახელმწიფო ერთობლივი განცხადებას ავრცელებს 4 ოქტომბერს, საქართველოში გასამართ თვითმმართველობის არჩევნებზე და შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო.

"მუნიციპალური არჩევნები გაიმართება მძიმე პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ ზრდადი რეპრესიებისა და ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის დაკავების კონტექსტში. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს გაკეთებული შესწორებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების სანდოობას, კერძოდ, საზოგადოების მხრიდან ნდობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით" 

განცხადების ხელმომწერი სახელმწიფოები მწუხარებით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ODIHR-ს დროულად არ მიმართა ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების გასაგზავნად და ამ მრავალწლიანი პრაქტიკის დარღვევა შეშფოთებას იწვევს. 

ევროპული ქვეყნები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეასრულოს OSCE-ს მიმართ აღებული ვალდებულებები და გახსნას დიალოგი ყველა დაინტერესებულ აქტორთან ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად. 

ჩვენ მყარად მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლის მისწრაფებებს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოებით, რაც დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალი იქნება" – წერია განცხადებაში.