გაეროს კლიმატის სამიტზე ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა არ ისურვეს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად პოზირება და უარი განაცხადეს ერთობლივ ფოტოსესიაში მონაწილეობაზე, - წერს ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პორტალი.
„იმ ქვეყნის ლიდერთან გვერდში დგომა, რომელიც გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პლაცდარმი და მსოფლიოს მომავალზე და კლიმატის ცვლილებაზე ისე მსჯელობა, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, ფარისევლობა იქნებოდა.
ბელორუსის რეჟიმი ხელს უწყობს სამყაროს მომავლის განადგურებას და რუსეთთან ერთად არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება უკრაინაში - ადამიანის მსხვერპლიდან დაწყებული, გარემოზე კატასტროფული ზემოქმედებით დამთავრებული.
ამას ოჯახის ფოტო ჰქვია. ლუკაშენკო არ არის იმ ოჯახის ნაწილი, რომელსაც ჩვენ გვინდა, რომ მივეკუთვნოთ", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დაეთანხმნენ ნაუსედას, რომ ცინიკური იქნება ერთიანობის დემონსტრირება იმ ადამიანებთან, რომლებიც არ პატივს სცემენ დემოკრატიულ უფლებებს და კანონის უზენაესობას და, რაც მთავარია, არ არიან ერთგული გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევისკენ და შეუერთდნენ ბოიკოტს.
ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა, - წერს და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პორტალი.
აღნიშნული ფოტო ასევე გამოქვეყნებული აქვს თავის ფეისბუქზე საქართველოს მთავრობას. მასზე კაია კალასი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთის გვერდით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის უკან დგანან.