ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკუს ცაჰკნამ თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ გერმანულ გამოცემა DW-სთან ინტერვიუში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოზე საკითხს ევროკავშირის დონეზე წამოჭრიან.
მან ინტერვიუს დასაწყისში განმარტა, რატომ იყო მნიშვნელოვანი პირადად ჩასულიყო საქართველოში:
"პირველ რიგში, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისა და NATO–ს მიმართ. ევროკავშირმა ბევრი რამ გააკეთა, ბევრი რამ მისცა საქართველოს მთავრობას. ჩვენ გასული წლის ბოლოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მივეცით და საქართველოს მთავრობა დაგვპირდა, რომ შეასრულებდა 9 ნაბიჯს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონმდებლობა "უცხოური აგენტების შესახებ" და ეს არ არის ნაბიჯი ევროკავშირისკენ, არამედ სხვა მხარისკენ, რომელსაც შეგვიძლია, ვუწოდოთ, თუნდაც რუსეთის გავლენა. საქართველოს დიდი მეგობრები ლიეტუვა, ლატვია, ისლანდია და ესტონეთი ჩავედით ქვეყანაში გზავნილით, რომ ევროკავშირის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არ არის ნაჩუქარი, ვიზალიბერალიზაცია არ არის ნაჩუქარი. ეს იყო ჩვენი ძალიან მკაფიო მესიჯი საქართველოს მთავრობისადმი იმიტომ, რომ ქართველი ხალხის 80%–ზე მეტი უჭერს მხარს ამ ევროკავშირისკენ სვლას და ეს არის ეგზისტენციალური საკითხი მათთვისაც", – განაცხადა ცაჰკნამ.
მისი თქმით, ქართველებმა, რომელთა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, "ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს იცხოვრო რუსეთში, რომელიც არადემოკრატიული ქვეყანაა, აგრესიას აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ".
"ისინი უბრალოდ სთხოვენ თავიანთ მთავრობას, რომ შეასრულოს დაპირება. ჩვენ საქართველოს მთავრობას გავუმეორეთ ჩვენი გზავნილი, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროკავშირშია და საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს მის მიერ გაცემული პირობა. მაგრამ ჩვენ ძალიან ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს ახალი კანონი აძლევს შესაძლებლობას საქართველოს მთავრობას, მისი კონტროლი დააწესოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მსგავს ორგანიზაციებზე და ეს არ არის კარგი დემოკრატიისთვის. გასულ წელს დაგვპირდნენ, რომ ამ კანონს აღარ შემოაბრუნებდნენ, მაგრამ ახლა საპირისპიროს ვხედავთ, ასე რომ, ვიმედოვნებთ, მთავრობა გადახედავს ამ გადაწყვეტილებას", – დასძინა მან.
როგორ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ყველაფერზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება:
"ჩვენ გვქონდა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან, არასამთავრობოებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი პრინციპულად არის არასწორი, მასზე მოლაპარაკებების გამართვის საფუძველი არ არსებობს და ის მას ვეტოს დაადებს, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ბოლო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის და ის მიიღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, საქართველოს მთავრობა გადახედავს ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ჩვენ ამ საკითხს წამოვჭრით ევროკავშირის დონეზე ძალიან მკაცრად და გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსთან ან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ნაჩუქარი არ არის საქართველოს მთავრობისთვის და პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ საქართველოს მთავრობას".
იგი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, თითქოს 4 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე კოლეგებთან შეთანხმდნენ, რომ "საქართველომ სწორი გააკეთა, რომ არ მოუსმინა ევროპელ კოლეგებს და არ დაუწესა სანქციები რუსეთს, არ გაათავისუფლა სააკაშვილი". მარკუს ცაჰკნამ ამას "საჯარო ტყუილი უწოდა".
ჟურნალისტის კითხვაზე, "რა შეუძლია, გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაიცვას საქართველოს დემოკრატია?", მინისტრმა შემდეგი აღნიშნა:
"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიტუაცია საქართველოში ძალიან სერიოზულია და საქართველოს ხელისუფლებას ერთიანი ხმით უნდა ვესაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია, გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებს და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ 14 დღის განმავლობაში, რაც დარჩენილი გვაქვს პრეზიდენტის ვეტომდე, საქართველოს მთავრობა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას".