ესპანეთმა კანარის კუნძულებზე, ტენერიფეს სანაპიროსთან ახლოს, საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, მგზავრების ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მონიკა გარსიამ განაცხადა, რომ ბორტზე მყოფი ადამიანების გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს და არცერთ მათგანს სიმპტომები არ აღენიშნება.
ევაკუაციის პირველ ეტაპზე სამედიცინო ნიღბებით აღჭურვილი მგზავრები ნავებში ჩასვეს და სანაპიროსთან მიიყვანეს, სადაც სპეციალურად აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი და მაშველები დახვდნენ. მგზავრები პორტიდან ავტობუსებით ტენერიფეს აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც ჩარტერული რეისებით სახლებში დაბრუნდებიან.
პირველ ეტაპზე, ესპანეთის 14 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა, შემდეგ კი ნიდერლანდების, გერმანიისა და საბერძნეთის მოქალაქეების, ასევე ეკიპაჟის ნაწილის ევაკუაცია მოხდება. ცალკე რეისები დაგეგმილია დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ავსტრალიის მიმართულებით.
ამ ეტაპზე ჰანტავირუსის რვა დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება და ვირუსის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული.




