საფრანგეთის  პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უსაფრთხოების რისკების გამო შესაძლოა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ადგილმდებარეობა შეიცვალოს.

მიმდინარე გეგმის მიხედვით, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე უნდა ჩატარდეს. გეგმის მიხედვით, 10 000-ზე მეტმა ათლეტმა მდინარე სენაზე 160 ბარჯით უნდა ჩაიარონ. ორგანიზატორების მიხედვით, ამ გეგმის შემთხვევაში მდინარის სანაპიროებიდან 600 000 მაყურებელს ღონისძიების ხილვა შეეძლება, თუმცა როგორც ცნობილია, უსაფრთხოების რისკების გამო ეს რიცხვი 300 000-მდე შემცირდა. გავრცელებული ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაზე დასწრება ტურისტებს არ შეეძლებათ და სპეციალურ ადგილებზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთების ან მოსაწვევების ქონის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

მაკრონის თქმით, შესაძლოა გახსნის ცერემონია არა უშუალოდ მდინარეზე, არამედ ეიფელის კოშკთან მდებარე ტროკადეროს მოედანზე ან საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე - სტად დე ფრანსზე ჩატარდეს. 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია პირველი სპორტული ღონისძიება უნდა ყოფილიყო, რომელიც სტად დე ფრანსზე არ ჩატარდებოდა.