აზერბაიჯანული და რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 27 ივნისს, ეკატერინბურგში, რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა აზერბაიჯანელი საფაროვების ოჯახის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც ტრაგიკული შედეგებით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით დილის 05:00 საათზე, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ერთდროული რეიდი მოაწყვეს 10 ბინაში, სადაც საფაროვების ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრ Baku Plaza-ში გადაინაცვლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით დილის 05:00 საათზე, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ერთდროული რეიდი მოაწყვეს 10 ბინაში, სადაც საფაროვების ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ.
ოპერაციის მიზეზი იყო გამოძიება აზერბაიჯანის აღდამის რაიონის მკვიდრ იუნისის მკვლელობისა, რომელიც მოხდა 2001 წელს ქალაქის ერთ-ერთ კაფეში. ბინებში მყოფი ყველა მამაკაცი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ ძმები, ზიადინ და ჰუსეინ საფაროვები. ზოგიერთი ცნობით ერთ-ერთ მათგანს ბინაში პოლიციის შევარდნის დროს გულმა უმტყუნა, მეორის სიკვდილის გარემოებებზე კი არაფერია ცნობილი. სხვა წყაროები წერენ, რომ პოლიციის შენობაში გადაყვანილ ძმებს მკვლელობის აღიარებას აიძულებდნენ და მათ წამებას ვერ გაუძლეს.
„ჩემი ორი ძმა მოკლეს, ისინი სახლებში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეიჭრნენ. მთელი ოჯახი, ყველა, ვინც სახლში იმყოფებოდა, დააკავეს. ჩემი ძმები წამებით მოკლეს“, - აცხადებს ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და მთარგმნელი სეიფადინ ჰუსეინლი საფაროვი.
მოგვიანებით, დაკავებულთა ნათესავებზე დაყრდნობით, აზერბაიჯანულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია ზიადინ და ჰუსეინ საფაროვების ბიძაშვილის, კამალ საფაროვის პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაცვალების შესახებ.
მედიის ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამი დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, სულ კი 50-მდე აზერბაიჯანელია დაკავებული, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ცხრა ადამიანია (უცნობია, იგულისხმებიან როგორც რუსეთის, ისე აზერბაიჯანის მოქალაქეობის მქონე აზერბაიჯანელები, თუ მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეობის მქონე პირები - „აიპრესი“)
ეკატერინბურგის პოლიცია კომენტარის გაკეთებისგან ამ დრომდე იკავებს თავს, ადგილობრივი მედია კი წერს, რომ საქმე ეხება 2001 წელს მომხდარ მკვლელობას, სადაც „დიასპორა იყო ჩართული“. ამავდროულად, ორგანიზაცია „აზერბაიჯანი-ურალის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მან არაფერი იცის, ის დაკავებული არ არის და არც დაკითხვაზეა.
„ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთის FSB-ს მიერ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების სახლებში 27 ივნისის დილით ჩატარებული რეიდების გამო, რომლის შედეგადაც ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ, ზოგიერთმა მძიმე სხეულის დაზიანებები მიიღო და ცხრა ადამიანი დააკავეს.
ჩვენ ველით, რომ რუსული მხარე დაუყოვნებლივ ჩაატარებს გამოძიებას ამ საქმეზე და რაც შეიძლება მალე დასჯის ამ მიუღებელი ძალადობის აქტში პასუხისმგებელ პირებს“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელებზე თავდასხმებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.