ასეთ ინფორმაციას უკრაინული და რუსული საგენტოები Clash Report-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მან პირადად სთხოვა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს, ძლიერი ყინვების გამო ერთი კვირით შეეჩერებინა საჰაერო დარტყმები.

„მე პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ასეთი ექსტრემალური სიცივეების დროს ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და სხვა ქალაქები და ის დათანხმდა ამას. უნდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სასიამოვნო იყო“, - თქვა დონალდ ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, ჰქონდათ თუ არა მას და პუტინს სატელეფონო საუბარი, თუ მათი კომუნიკაცია სხვა ფორმით შედგა.

მან ასევე არ დააკონკრეტა, როდის მოხდა ეს ან როდის უნდა დაწყებულიყო „ერთი კვირის“ ათვლა.