პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთ-უკრაინის ომი შეჩერების გარკვეული ალბათობა არსებობს, თუმცა ეს პოლონეთის მდგომარეობას არ შეცვლის და ქვეყანა თავის დაცვისთვის ნებისმიერ მომენტში უნდა იყოს მზად. ამის შესახებ ტუსკმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

"არსებობს გარკვეული შანსი და მრავალი ნიშანი მიუთითებს იმის შესაძლებლობაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უახლოეს მომავალში, სულ მცირე, შეჩერდება". - თქვა ტუსკმა. 

ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი რუსეთ-უკრაინის ომის ვითარების მიუხედავად თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს. 

"თანამედროვე არმიისთვის ამ რბოლაში ერთი საათის, ერთი დღის დაკარგვაც კი არ შეგვიძლია". - თქვა ტუსკმა. 

ტუსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთის თავდაცვის ხარჯები პოლონეთის შიგნით იხარჯებოდეს. მანვე დაამატა, რომ პოლონეთი ინვესტიციებს მუდამ უცხოურ შეიარაღებაში ვერ ჩადებს და საჭიროა, რომ პოლონეთმა ფული პოლონურ კომპანიებსა და "პოლონურ ტვინებში" ჩადოს.

"პოლონეთის გადმოსახედიდან, აბსოლუტურად საკვანძოა, რომ ასობით მილიარდი ზლოტი, რომლის თავდაცვის სფეროსკენ მიმართვაც გვსურს, მაქსიმალურად პოლონეთის შიგნით დაიხარჯოს". - თქვა ტუსკმა. 

პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ თანამედროვეობაში ომებს ტექნოლოგიის მაღალი დონე და ინტელექტი იგებს, ხოლო პოლონეთის ინჟინრები, პროგრამისტები და ახალგაზრდა სპეციალისტები კომპეტენტურები და მაღალკვალიფიციურები არიან. მისივე თქმით, მომავალში უსაფრთხოება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა იბადება "თავებში".

"ეს პოლონური არმიის აბსოლუტური განძია. დღეს ომებს უფრო ჭკვიანები და უკეთესად აღჭურვილი არმიები იგებენ, რომლებსაც ტექნოლოგიის მაღალი დონე აქვთ". - თქვა ტუსკმა.