აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული ყველა მოქალაქე და დაიმუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვენესუელისთვის ამას შედეგები მოჰყვება.
როგორც მან Truth Social-ში დაწერა, აშშ-ს სურს, რომ ვენესუელამ "დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა პატიმარი და ადამიანი ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდან".
მისი თქმით, საუბარია იმ პირებზე, რომლებსაც ვენესუელის ხელმძღვანელობამ "აშშ-ში წასვლა აიძულა".
"ამ მონსტრებმა სერიოზული ზიანი მიაყენეს და ათასობით ადამიანი მოკლეს. გაიყვანეთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან ახლავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ძვირი დაგიჯდებათ", - თქვა ტრამპმა.
ვაშინგტონის ადმინისტრაციამ არაერთხელ მოითხოვა ვენესუელის ხელისუფლებისგან შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული მოქალაქეების მიღება და უარის შემთხვევაში კარაკასის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებით დაიმუქრა.