აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში პოლონეთის ახალ პრეზიდენტს კაროლ ნავროცკის შეხვდა.

შეხვედრის დროს ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს  ჰკითხეს, დარჩებიან თუ არა ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში.

მან უპასუხა: "ვფიქრობ, რომ დიახ, და თქვენ იცით რაიმე, რაც მე არ ვიცი? დიახ, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, თუ მათ სურთ, მეტს გავგზავნით, მათ დიდი ხანია სურთ უფრო მნიშვნელოვანი ყოფნა. არის ქვეყნები, სადაც უფრო მეტია, მაგრამ ასეთი ქვეყანა ბევრი არ არის, ამიტომ, ისინი პოლონეთში დარჩებიან. პოლონეთთან ძალიან მსგავსი პოზიცია გვაქვს", - აღნიშნა ტრამპმა.

როგორც BBC-ის ჟურნალისტი აღნიშნავს, ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად თავისი თავდაცვის სტრატეგიის გადახედვის პროცესშია, რათა ჩინეთის შესაკავებლად ყურადღება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე გაამახვილოს. პოლონეთში სამხედრო წარმომადგენლობას ამ მიზანთან არაფერი აქვს საერთო.

როგორც BBC აღნიშნავს, წლის დასაწყისში პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 10 ათასი იყო (იქ პირადი შემადგენლობა მუდმივად იცვლება). აპრილში ვაშინგტონმა გამოაცხადა ჯარების გაყვანის შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ჟეშოვ-იასიონკას აეროპორტის უსაფრთხოებას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო მომარაგების მთავარი კვანძია. ჯარისკაცების რიცხვი 1700-ს შეადგენდა. იმ დროს ითქვა, რომ ეს ჯარები პოლონეთის სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლებდნენ.