აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ოთხ მოსამართლეს ფინანსური სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მხრიდან სავარაუდო სამხედრო დანაშაულებზე ICC-ის ტრიბუნალის გამოძიებასა და ICC-ის მიერ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემას უკავშირდება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა შემდეგ ოთხ პირზე: სოლომი ბალუნგი ბოსა (უგანდა), ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსა (პერუ), რეინ ადელაიდ სოფი ალაპინი განსუ (ბენინი) და ბეტი ჰოლერი (სლოვენია).

"როგორც ICC-ის მოსამართლეები, ეს ოთხი პირი აქტიურად მონაწილეობდა სასამართლოს არალეგიტიმურ და უსაფუძვლო ქმედებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ამერიკისა და ჩვენი ახლო მოკავშირის, ისრაელის დევნას. ICC პოლიტიზებულია და ცრუ პრეტენზია აქვს შეუზღუდავ უფლებაზე, გამოიძიოს, წარუდგინოს ბრალი და გაასამართლოს აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები" - განაცხადა რუბიომ.

მოსამართლეები ბოსა და კარანსა ICC-ის შემადგენლობაში 2018 წლიდან არიან. 2020 წელს ისინი სასამართლოს საჩივრების პალატის გადაწყვეტილებაში მონაწილეობდნენ, რომელმაც ამერიკელი სამხედროების მხრიდან ავღანეთში ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულებზე პროკურორს საშუალება მისცა გამოძიება ოფიციალურად დაეწყო.

ასევე, ICC-ის მოსამართლეებმა გასული წლის ნოემბერში გასცეს დაკავების ორდერები ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის ყოფილ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტსა და ჰამასის ლიდერ იბრაჰიმ ალ-მასრის წინააღმდეგ - მათ მიმართ ღაზაში მიმდინარე ომში სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენის ეჭვები არსებობდა. რუბიოს თქმით, ნეთანიაჰუსა და გალანტის წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემას მოსამართლეებმა ალაპინი განსუმ და ჰოლერმა დაუჭირეს მხარი.

Reuters წერს, რომ  სანქციები სერიოზულად ზღუდავს ფიზიკური პირების შესაძლებლობებს, განახორციელონ თუნდაც ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები, რადგან ნებისმიერი ბანკი, რომელსაც აქვს კავშირი აშშ-სთან ან ახორციელებს ტრანზაქციებს აშშ დოლარში, ვალდებულია დაიცვას დაწესებული შეზღუდვები.