აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს, თუმცა მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია. იუწყება Reuters.
რესპუბლიკელ გუბერნატორებთან საუბრისას ფლორიდაში, მარა ლაგოს რეზიდენციაში, ტრამპმა თქვა, რომ პუტინმა გამოთქვა შეხვედრის სურვილი და შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.
"მას სურს შეხვედრა და ჩვენ ამისთვის ვემზადებით", – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა არ დაასახელა მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი, მაგრამ დაადასტურა, რომ შეხვედრის საკითხი განიხილება.
"პრეზიდენტ პუტინს სურს შეხვედრა. მან ეს საჯაროდაც თქვა და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი", - დასძინა ტრამპმა.
კრემლს ტრამპის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.