აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაში აშშ უნდა იყოს ჩართული და ისეთი პირი უნდა იყოს, "რომელსაც ამჯერად რაღაცის მშვიდობიანად გაკეთება შეეძლება". მანვე დაამატა, რომ ირანი ბოლო 47 წელია, რაც ხალხს ხოცავს, ამერიკელებს თავს ესხმის და ტერორს ავრცელებს. ამის შესახებ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
"გვსურს, რომ ჩართულები ვიყოთ. არ გვინდა, რომ დღეიდან 5 ან 10 წელიწადში ამ სიტუაციაში აღმოჩნდეს სხვა პრეზიდენტი, რომელიც შესაძლოა არ იყოს მზად, გააკეთოს ის, რის გასაკეთებლადაც მე ვარ მზად მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
ამიტომ, ვფიქრობთ, უნდა ჰყავდეთ ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ამჯერად რაღაცის მშვიდობიანად გაკეთება შეეძლება სიახლის გულისთვის. ამას 47 წელია აკეთებენ, 47 წელია, რაც ხალხს ხოცავენ. ირანის რეჟიმი ამერიკელებს თავს ესხმოდა და ტერორს ავრცელებდა 47 წლის განმავლობაში". - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ, მისი აზრით, ირანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე აშშ-ზე თავდასხმას აპირებდა.
"თუ იმ დროს არ ვიზამდით ამას, როდესაც გავაკეთეთ, ვფიქრობ, აპირებდნენ, რომ თავს დაგვსხმოდნენ". - თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ოპერაცია შუაღამის უროს შემდეგ ირანი ბირთვული პროგრამისთვის ადგილის შეცვლას ცდილობდა და მუშაობა ახალ ტერიტორიაზე დაიწყო, რომელიც გრანიტით იყო დაცული. მანვე აღნიშნა, რომ ისლამური რეჟიმი მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად არ იყო ჩართული, უფასო ბირთვულ ენერგიაზე უარი თქვეს და გამდიდრების მიუღებელ დონეზე წარმოების გაგრძელებას ითხოვდნენ.
აშშ-ს პრეზიდენტის აზრით, "შუაღამის უროს" გარეშე ირანი აქამდე, სულ მცირე, ისრაელს გაანადგურებდა.
"მიუხედავად უთვალავი შესაძლებლობისა, რომ თავიანთ ბირთვულ ამბიციებზე უარი ეთქვათ, მათ უთხრეს უიტკოფს ჩვენ გვინდა შენების გაგრძელება. არსებითად, მათ ბირთვული იარაღების დამზადების გაგრძელება სურდათ. თუ ირანულ პოტენციალს არ გავანადგურებდით, თუ ამას "შუაღამის უროთი" არ გავაკეთებდით, ბირთვული იარაღი ექნებოდათ და დიდი ხნის წინ ექნებოდათ გამოყენებული. სულ მცირე, ისრაელს გაანადგურებდნენ. მას ძალიან გაუმართლა, რომ ჩვენ სათანადოდ გაბედულები ვიყავით.
მას შემდეგაც, რაც ოპერაცია შუაღამის უროს ფარგლებში მათი საკვანძო ბირთვული ობიექტები გავანადგურეთ, კეთილსინდისიერად არასდროს მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში. კვლავ ამბობდნენ, რომ ბირთვული იარაღის შენება უნდოდათ, მიუღებელ დონეებზე გამდიდრება უნდოდათ. სამოქალაქო მიზნებისთვის ულიმიტო უფასო ბირთვულ ენერგიაზე უარი თქვეს. გვყავდა ხალხი, ვინც მათ უფასო ბირთვულ ენერგიას სთავაზობდა. არ იყვნენ ამით დაინტერესებულები, რადგან ბირთვული იარაღის დამზადება სურდათ". - თქვა ტრამპმა.








