აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ირანი აშშ-სთან "მოლაპარაკებებს აწარმოებს". მანვე დაამატა, რომ "ნახავენ, რამის გაკეთება თუ შეიძლება" და ირანს მათკენ მიმავალი "დიდი ფლოტით" დაემუქრა. 

"გველაპარაკება და ვნახოთ, რამის გაკეთება თუ შევძლებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნახავთ, რაც მოხდება. მათკენ ჩვენი დიდი ფლოტი მოემართება". - თქვა ტრამპმა. 

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ს მოკავშირეებისთვის გეგმების შესახებ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო არ შეუტყობინებიათ. 

"მათ გეგმას ვერ ვეტყვით. მათ რომ გეგმა ვუთხრა, ეს თითქმის ისეთივე ცუდი იქნებოდა, როგორც თქვენთვის გეგმის თქმა. შესაძლოა, უარესიც კი ყოფილიყო". - თქვა ტრამპმა. 

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტს არ გაუცია პასუხი იმასთან დაკავშირებით, გათამამდებოდა თუ არა ირანი იმ შემთხვევაში, თუკი აშშ იერიშისგან თავს შეიკავებდა. 

"ზოგს ასე ჰგონია, ზოგს კი - არა". - თქვა ტრამპმა ჟურნალისტის პასუხად.