შეერთებულმა შტატებმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ და ამის შესახებ უახლოეს მომავალში გაკეთდება განცხადება, - თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე.

ევროკავშირიდან შტატებში იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ კითხვაზე პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამის შესახებ სულ მალე გაკეთდება განცხადება.

ეს იქნება 25%, ზოგადად რომ ვთქვათ, მაგრამ ყველაზე მეტად მაწუხებს ავტომობილების საკითხი, - თქვა ტრამპმა და მიუთითა, რომ ეს იქნება პასუხი იმ უსამართლობაზე, რასაც ევროკავშირი იჩენს შეერთებული შტატების მიმართ.

ისინი არ იღებენ ჩვენ ავტომობილებს, ისინი, ფაქტობრივად, არ იღებენ ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ათასგვარ მიზეზს იგონებენ, ჩვენ კი მათგან ყველაფერს ვიღებთ და 300 მილიარდი დოლარი დეფიციტი გვაქვს ევროკავშირთან ვაჭრობაში. მე მომწონს ევროპის ქვეყნები, მე მიყვარს სხვა ქვეყნები, თუმცა, ვიყოთ გულწრფელები:  ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ ესარგებლათ შეერთებული შტატებით. ასეთია მისი შექმნის მიზანი და მათ ეს წარმატებით შეძლეს, მაგრამ ახლა მე ვარ პრეზიდენტი, - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, რას მოიმოქმედებს იგი, თუ ევროკავშირი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, ტრამპმა უპასუხა:

ისინი ამას ვერ შეძლებენ. ვგულისხმობ, რომ მათ შეუძლიათ სცადონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ამერიკული ბაზრის ზომა უზომოდ დიდია მათი ბაზრის ზომაზე. ჩვენ მათთვის ოქროთი სავსე ქვაბი ვართ. ჩვენ ვართ ის, ვინც ყველას სურს და მათ შეუძლიათ პასუხი გასცენ, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს წარმატებული პასუხი, რადგან ჩვენ მკვეთრ უარს ვამბობთ, აღარაფერს აღარ ვყიდულობთ და თუ ეს მოხდება, ჩვენ გავიმარჯვებთ.