ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტს ადრეც ჰქონდა გაკეთებული, ამჯერად კი მან ეს ვენესუელაზე ამერიკული თავდასხმის შესახებ The Atlantic-თან მიცემული ინტერვიუს დროს გაიმეორა.
The Atlantic-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს „აუცილებლად სჭირდება გრენლანდია“, რომელსაც ის აღწერს, როგორც „რუსული და ჩინური გემებით გარშემორტყმულს“. პრეზიდენტმა განმარტა, რომ მათ კუნძული თავდაცვისთვის სჭირდებათ.
The Atlantic-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, მან დონალდ ტრამპს ჰკითხა, შეიძლება თუ არა ვენესუელაზე თავდასხმა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების მიზნით სამხედრო ძალის გამოყენების მზაობაზე მიუთითებდეს.
ტრამპი, დეტალებზე საუბრის გარეშე, აცხადებს, რომ სხვებმა თავად უნდა განსაზღვრონ, თუ რას ნიშნავს აშშ-ის სამხედრო მოქმედებები ვენესუელაში გრენლანდიისთვის.
შობამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა გამოაცხადა, რომ ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად იმუშავებდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა გრენლანდიისთვის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შექმნა.
ლენდრიმ მაშინ განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო გრენლანდიის შეერთებული შტატების ნაწილად გადაქცევისთვის მსახურება. თუმცა, მოგვიანებით მან Fox News-ს განუმარტა, რომ ის არ „ეცდებოდა ვინმეს დაპყრობას“ ან „ვინმეს ქვეყნის მითვისებას“.




