აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი გუნდი 2016 წლის არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.
დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამას 2016 წლის არჩევნების მოპარვის მცდელობაში დასდო ბრალი.
„ისინი 2016 წელს ცდილობდნენ არჩევნების მოპარვას და ისინი გამოიჭირეს. ამისთვის ძალიან მკაცრი შედეგები უნდა დადგეს. ჩვენ როცა ჰილარი კლინტონი გამოვიჭირეთ, მე ვთქვი, იცი რა, არ წავიდეთ ძალიან შორს. ეს არის პრეზიდენტის ყოფილი ცოლი და მე ეს საშინლად მივიჩნიე, მაგრამ დროა, დავიწყოთ ის, რაც მათ ჩემ მიმართ გააკეთეს და სწორია თუ არასწორი, დროა, ადამიანები დავსაჯოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გასაიდუმლოებული მასალები, რომლებიც ახლა გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ბარაკ ობამას ქმედებები „კრიმინალის ყველაზე მაღალ დონეზეა“.
„ეს იყო ღალატი. ისინი ცდილობდნენ არჩევნების მოპარვას. ისინი ცდილობდნენ არჩევნების დამალვას, ისინი აკეთებდნენ ისეთ რამეებს, რაზეც არავის უფიქრია, თუნდაც სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთელი სქემა ბარაკ ობამას იდეა იყო, თუმცა ჰილარი კლინტონიც იყო ჩართული.
„არასდროს მომხდარა ასეთი რამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე დიდი სკანდალი“, – აღნიშნავს ამერიკის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი ბარაკ ობამასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. გაბარდი მათ შეთქმულებაში ადანაშაულებს, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, რომ დონალდ ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთის ჩარევის შედეგი იყო. გაბარდის თქმით, ობამამ და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა „საფუძველი ჩაუყარეს მრავალწლიან სახელმწიფო გადატრიალებას“ ტრამპის წინააღმდეგ.
თარგმანი: პირველი არხი