აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 მაისს განაცხადა, რომ ამერიკის საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსნებს ჰორმუზის სრუტეში გავლის დროს თავს დაესხნენ, რის გამოც, ტრამპის თქმით, აშშ-მ "ირანელ თავდამსხმელებს დიდი ზიანი" მიაყენა.

"სამმა მსოფლიო დონის ამერიკულმა საესკადრო ნაღმოსანმა ახლახან, ძალზე წარმატებულად, ჰორმუზის სრუტე ცეცხლის ქვეშ გამოიარეს. სამი საესკადრო ნაღმოსანი არ დაზიანებულა, მაგრამ დიდი ზიანი მიაყენეს ირანელ თავდამსხმელებს." – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. 

ტრამპის თქმით, აშშ-ს სამხედრო გემებზე თავდასასხმელად ირანმა პატარა ნავები, დრონები და რაკეტები გამოიყენა, რისი უვნებელყოფაც აშშ-მ წარმატებით შეძლო. 

"ნორმალური ქვეყანა ამ საესკადრო ნაღმოსნებს გავლის საშუალებას მისცემდა, მაგრამ ირანი არ არის ნორმალური ქვეყანა. მათ შეშლილები მართავენ და ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, ამას დაუფიქრებლად გააკეთებდნენ, მაგრამ მათ ამის შესაძლებლობა არ ექნებათ." – აღნიშნა ტრამპმა და დაამატა, რომ აშშ სამომავლოდ ბევრად უფრო ძლიერად დაარტყამს იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეთანხმებას დროულად არ მოაწერენ ხელს.