ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული სააგენტოები ავრცელებენ.
კრიმინალურ ქრონიკაზე ორიენტირებული საინფორმაციო სააგენტო actu17-ის თანახმად, დღეს, დაახლოებით 13:45 საათზე ადგილობრივი დროით, პარიზში, ვანდომის მოედანზე, იუსტიციის დეპარტამენტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, სამმა მამაკაცმა გაძარცვა ბულგარის საიუველირო მაღაზია.
მძარცველები შემთხვევის ადგილიდან ორი მოტოციკლით გაიქცნენ. ნაძარცვმა, პორტალის ცნობით, შეიძლება მიაღწიოს რამდენიმე მილიონ ევროს.
ძარცვის დროს გარეთ დარჩენილი ერთ ბოროტმოქმედს გრძელლულიანი იარაღი ჰქონდა. სამოყვარულო ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიუთითებს იგი გამვლელებს გადავიდნენ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს და არ გაირონ მაღაზიის წინ. მინიმუმ ერთ დამნაშავეს ჰქონდა სამკლავური, რომელიც ძალიან წააგავდა პოლიციის სამკლავურს.
ამ დროისთვის (ინფორმაცია actu17-ს ადგილობრივი დროით 16:42 საათზე აქვს განახლებული - „აიპრესი") უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და უსაფრთხოების პერიმეტრია მოწყობილი.
ეს მაღაზია 2021 წლის სექტემბერშიც გაძარცვეს. 6 ბოროტმოქმედიდან ერთი გაქცევისას დაიჭირეს. შემდგომში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. ამ დროისთვის სულ გასამართლებულია და სასჯელს იხდის სამი პირი.