უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია გამოეხმაურა ნატო-ს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მისი თქმით, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე სპეკულაციები რუსეთს შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს.
"რაღაცის სანაცვლოდ ჩვენი ტერიტორიების დათმობაზე საუბარი მხოლოდ აგრესიას უწყობს ხელს. პრინციპში ამას უკვე მოსკოვის პირველი რეაქციებიდან ვხედავთ.
მათ მოსწონთ ეს იდეა, რადგან ის აკანონებს დაპყრობით ომებს და ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს. ეს იწვევს დემოკრატიის დამარცხებასა და ტოტალიტარული რეჟიმების ტრიუმფს.
ტერიტორიების დათმობა არ ნიშნავს ომის დასრულებას. ის ახალი კონფლიქტების გარანტიას იძლევა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში", - აღნიშნა არახამიამ.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს.