უკრაინის რადას ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მინდა მადლობა გადავუხადო ქ-ონ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში. ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.
ვულოცავ ნიკას თავისუფლებას. ვულოცავ მის ოჯახს ამ დიდ სიხარულს და ვულოცავ თავისუფალ მედიას დიდ გამარჯვებას" - წერს დავით არახამია "ფეისბუკში".
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც მე ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.