უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლექსეი დანილოვის განცხადებით, რუსეთის ძალები უკრაინაზე მორიგი მასირებულ სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადებიან, რომელიც შესაძლოა, 23-24 თებერვალს განხორციელდეს. ამის შესახებ დანილოვმა ტელემარათონის დროს განაცხადა.
„ისინი ემზადებიან და ეცდებიან, რომ 23-24 თებერვალს განახორციელონ მასირებული თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა. ამას მშვიდად უნდა მივუდგეთ, მეტიც, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინაში კარგად ესმით, რას ნიშნავს მსგავსი თავდასხმები, როდესაც უკრაინის მიმართულებით მიფრინავდა 115-120 რაკეტა.
„გავუმკლავდებით ამ დღესაც“, – აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, მხოლოდ 16 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინას 36 რაკეტა ესროლა, მათგან 16 საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.