დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტროელს ლუნდ პოულსენი იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც მიმდინარეობს Leopard 1-ის ტიპის ტანკების მომზადება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადასაცემად. იუწყება BBC.
პოულსენის თქმით, ის გერმანიაში ჩავიდა იმ მიზნით, რათა დარწმუნებულიყო, რომ Leopard 1-ის ტიპის ტანკების მომზადების სამუშაოები წინ მიიწევს, რათა უკრაინაში მათი გაგზავნა დროულად მოხდეს. „მე ვამაყობ, რომ ამ დიდი და მნიშვნელოვანი შემოწირულებით, დანია, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ პირველი ტანკების გადაცემას ამ გაზაფხულზე შევძლებთ“, - განაცხადა პოულსენმა.
დანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიზანია „მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უზრუნველყოს ტანკებით ორი ბატალიონი, რაც ნიშნავს დაახლოებით 80 მანქანის გაგზავნას“. პირველივე ტანკები გამოყენებული იქნება უკრაინელი ტანკისტების მოსამზადებლად.