დანია უკრაინას მომავალ თვეში CAESAR-ის თვითმავალ ჰაუბიცებს გადასცემს და ზაფხულში Leopard 1-ის ტანკების მიწოდებას დაიწყებს. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ ბრიფინგზე, ოდესაში განაცხადა.
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ CAESAR-ის საარტილერიო სისტემებს უკრაინას მომავალ თვეში მივაწვდით. ახლა უკრაინელი სამხედროები დანიის პოლიგონებზე იმყოფებიან", - თქვა პოულსენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ორი თვის წინ დანიამ გერმანიასთან Leopard 1-ის ტანკებზე შეთანხმებას მოაწერა ხელი.
"ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულისთვის დავიწყებთ ტანკების მიწოდებას. ექვსთვიან პერსპექტივაში, შესაძლებელი იქნება უკრაინისთვის 100-მდე Leopard 1-ის ტანკის მიწოდება", - განაცხადა პოულსენმა.
მისი თქმით, მომავალში Leopard 2-ის ტანკების მიწოდებაზეც იქნება საუბარი შესაძლებელი, რომლებიც დანიას არც თუ ისე ბევრი ჰყავს.
აპრილის დასაწყისში დანიის თავდაცვის სამინისტრომ ნორვეგიასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინისთვის 8000 საარტილერიო ჭურვის ერთობლივად გადაცემაზე. სწორედ ამ ჭურვებს იყენებს CAESAR-ის საარტილერიო სისტემა.