კანადურმა კომპანია Central European Petroleum-მა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში, პოლონეთის ტერიტორიაზე, გერმანიის საზღვართან ახლოს, ნავთობისა და გაზის გიგანტური საბადო აღმოაჩინეს.

პოლონური TVP World-ის ცნობით, საბადო შესაძლოა შეიცავდეს 33 მილიონ ტონამდე ნავთობსა და კონდენსატს და 27 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც მეტია, ვიდრე პოლონეთის მთელ ტერიტორიაზე დღემდე დაზვერილი მარაგები.

აღმოჩენა მოხდა საპორტო ქალაქ სვინოუისცედან დაახლოებით 6 კმ-ში, კუნძულ ვოლინთან, Wolin East 1 ჭაბურღილში, დაახლოებით 2700 მეტრ სიღრმეში

„ეს ისტორიული მომენტია როგორც Central European Petroleum-ისთვის, ასევე პოლონეთის ენერგეტიკული სექტორისთვის“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა როლფ  სკაარმა.  

„თუ ეს აღმოჩენა საბოლოოდ დადასტურდება, Wolin East 1  შეიძლება გახდეს ყველაზე დიდი ნავთობისა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი აირის საბადო, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა პოლონეთში“, - განაცხადა პოლონეთის კლიმატის მინისტრის მოადგილემ, პოლონეთის მთავარმა გეოლოგმა კშიშტოფ გალოშმა.

მისი თქმით, ამ საბადოდან მოპოვება პოლონეთის ეკონომიკის ნედლი ნავთობის საჭიროებების დაახლოებით 4-5%-ს დააკმაყოფილებს მომდევნო 12 წლის განმავლობაში.

„სლავოში კოსმოსში დაფრინავს, იგა უიმბლდონს იგებს, ევროკავშირი პოლონეთისთვის უამრავი ფულის გამოყოფას გეგმავს და ახლა კიდევ ეს. ღმერთს, როგორც ჩანს, უყვარს ჩვენი მთავრობა KO-PSL-PL2050-Lewica“ (პოლონეთის სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიები: KO-„სამოქალაქო პლატფორმა“, PSL-„პოლონეთის სახალხო პარტია“, PL2050-შიმონ ჰოლოვნიას „პოლონეთი 2050“ და Lewica-„ახალი მემარცხენეები“ - „აიპრესი“) - დაწერა X-ზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ და ოპონენტთა განრისხება გამოიწვია.

თქვენი მასობრივი იმიგრაციის და პოლონეთის ისლამიზაციის შემყურეს, მხოლოდ ალაჰს შეიძლება შეუყვარდეთ, - დაწერა თავის ოფიციალურ პროფილზე პარტიამ „სუვერენული პოლონეთი“.  

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ბალტიის ზღვის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში,  რესურსების ექსპლუატაციას ყველა არ მიესალმება. ბერლინს ჯერ ოფიციალურად არ გაუკეთებია კომენტარი აღმოჩენაზე, არაოფიციალურად კი გერმანულმა  გარემოსდაცვითი ორგანიზაციებმა და ანალიტიკურმა ცენტრებმა მყისიერად დაიწყეს საუბარი იმ „სერიოზულ რისკებზე“, რაც სამხრეთ ბალტიის ზღვის ეკოსისტემას ემუქრება საბადოს ექსპლოატაციაში შესვლის შემთხვევაში.  

პოლონური მედიის თანახმად, ასევე პრობლემურია საბადოს ექსპლოატაცია პოლიტიკური თვალსაზრისით. საბადოს აღმოჩენა ემთხვევა გერმანიის მზარდ უხალისობას წიაღისეულ საწვავში ინვესტიციების ჩადების მიმართ. პოლონეთის მიერ გერმანიის საზღვართან ახლოს ნავთობის მოპოვებამ შეიძლება დაძაბულობა შექმნას ვარშავასა და ბერლინს შორის.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ასევე გამოთქვამენ პროტესტს. „გრინპისი პოლონეთი“ და ფონდი MARE აღნიშნავენ, რომ ბალტიის ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახურული და დაუცველი ზღვაა და მის ფსკერზე ნებისმიერი ჩარევა, განსაკუთრებით ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით, გარემოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

„ბალტიის ზღვის ფსკერი ისედაც გადატვირთულია კაბელების, მილსადენებისა და ქარის ელექტროსადგურების ქსელით და ახლა ამას ნავთობისა და გაზის მოპოვებაც დაემატება? ეს ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა“, - ამბობს  Baltic Watch-ის წარმომადგენელი ალექსანდრა კრული

Central European Petroleum-ი (ვოლინის საბადოების დამუშავებაზე კონცესიის 2017 წლიდან მფლობელი მფლობელი კანადური კომპანია, რომლის საკონტროლო პაკეტსაც ნორვეგიელი ინვესტორები ფლობენ - „აიპრესი“) ირწმუნება, რომ ყველა აქტივობა განხორციელდება „უმაღლესი გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად“ და პოლონეთის გეოლოგიურ და საზღვაო სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობით.