უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში საჯარო მოხელეები უფრო და უფრო მკაცრ შეზღუდვებს განიცდიან საზღვარგარეთ მოგზაურობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.
როგორც იუწყებიან, ამ შეზღუდვების გამო, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ზოგიერთ ოფიციალურ პირს პასპორტი ჩამოართვა.
„ძალაუფლების ცენტრთან ახლოს მყოფი თანამშრომლები სულ უფრო მეტად აწყდებიან მკაცრ შეზღუდვებს; კრემლის მაღალჩინოსნებს აკრძალული აქვთ ნებისმიერი საერთაშორისო მოგზაურობა“,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საუბარია გაფართოებულ ღონისძიებებზე, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა. ამასთან, საზღვარგარეთ წასვლაზე შეზღუდვა 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გაძლიერდა.
„აღნიშნული ზომები, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს უკმაყოფილო მოხელეების გაქცევის ან დეზერტირობის აღკვეთას“, - ნათქვამია დაზვერვის მიმოხილვაში.
უწყების ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ შესაძლებელია მომავალში უცხოეთში მოგზაურობასთან დაკავშირებული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს.