ევროკავშირმა უკრაინის არმიისთვის 27 000–ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გადაამზადა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა კიევში თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
როგორც BBC-ს რუსული სამსახური აღნიშნავს, სექტემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს გაზარდონ რაოდენობა იმ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებიც ევროპულ ცენტრებში გაივლიან მომზადებას. 2024 წლისთვის დაგეგმილია უკრაინის შეიარაღებული ძალების 40 ათასამდე მებრძოლის გადამზადება.
გუშინ ბორელი ოდესაში მოულოდნელად ჩავიდა. მან ვიდეომიმართვა ჩაწერა ოდესის ფერისცვალების ტაძრის ფონზე ჩაწერა. ეს ის ძეგლია, რომელიც 23 ივლისს რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ძლიერ დაზიანდა.
მან განაცხადა, რომ ევროპა არ მიატოვებს უკრაინას რუსეთის მიერ წართმეული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის შემდგომი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერაა საჭირო.