უნგრეთი გაზის შესყიდვაზე კატართან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ენერგეტიკულ სექტორში რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
"უნგრეთის ენერგეტიკული საჭიროებების ნახევარს რუსეთი გრძელვადიანი კონტრაქტებით აკმაყოფილებს", - თქვა ორბანმა. "მეორე ნახევრისთვის ჩვენ უნდა მოვძებნოთ სხვა პარტნიორები. ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს მთელს მსოფლიოში და კატარი ჩვენთვის პოტენციური პარტნიორია."
უნგრეთის ლიდერის თქმით, მოლაპარაკებები სპარსეთის ყურის ქვეყანასთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში იმპორტი 2026 წლიდან დაიწყება.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ გაზზე და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება დაიწყო, ორბანმა კი რუსეთთან დამატებითი კონტრაქტები დადო.