ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების ახალ პაკეტს შეიმუშავებს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, - იუწყება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, ახალი სანქციები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი გეგმავს, შეზღუდვები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის წლისთავზე – 2025 წლის 24 თებერვალს მიიღოს.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, პაკეტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს რუსული ნავთობით ვაჭრობასთან დაკავშირებული პირების მიმართ. გარდა ამისა, ბრიუსელს სურს, დამატებით გაზარდოს გადასახადები რუსულ სასოფლო-სამეურნეო საქონელზე, საკვებსა და სასუქებზე, ნათქვამია გამოცემაში.
Bloomberg-ს წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები მუშაობს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე. ვაშინგტონს სურს, ახალი პაკეტის დამტკიცება მოასწროს, სანამ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოვა.
"ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის სწრაფად დასრულება სურს. დასავლეთის ქვეყნები უშვებენ, რომ ტრამპის ზოგიერთი წინადადება შესაძლოა არასახარბიელო იყოს კიევისთვის", – იუწყება Bloomberg.
ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ომის დასრულება 24 საათის განმავლობაში შეუძლია, მაგრამ კონკრეტული გეგმა არ გამოუქვეყნებია.
ივნისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი მიიღო. შეზღუდვები, მათ შორის შეეხო რუსული გათხევადებული ბუნებრივი გაზის ევროკავშირში გადაზიდვას და რუსეთიდან ნავთობის ტრანსპორტირებას.