აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სერბეთის მთავრობას და ბალკანეთის სხვა ქვეყნებს თხოვნით მიმართა, რათა მათ ამერიკიდან გაძევებული მიგრანტები დროებით საკუთარ ქვეყნებში მიიღონ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
როგორც სააგენტოს ერთ-ერთი წყარო უყვება, ამ იდეას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონული წარმომადგენლობები ამუშავებენ. ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა ვაშინგტონმა აღნიშნულ ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევა.
ოფიციალური კომენტარი არც თეთრ სახლს, არც სახელმწიფო დეპარტამენტს, არც სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, მაისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას უფლება მისცა კუბის, ჰაიტის, ნიკარაგუისა და ვენესუელის დაახლოებით ნახევარ მილიონამდე მოქალაქისთვის სამართლებრივი სტატუსი ჩამოართვას და ქვეყნიდან გააძევოს.