აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს. ამის შესახებ მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას და დღეს ამ ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში ვაცხადებთ 1 მილიარდი დოლარის ახალ დახმარებას," - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, ეს მოიცავს 665.5 მილიონი აშშ დოლარის ახალ სამხედრო და სამოქალაქო უსაფრთხოების დახმარებას.
"სულ, რუსული აგრესიის დაწყებიდან, ჩვენ 43 მილიარდ დოლარზე მეტი გამოვყავით უსაფრთხოების დახმარებაზე." - აღნიშნა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე თქვა, რომ დახმარება მოიცავს 175 მილიონ დოლარს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რაც გადაუდებელი საჭიროებაა.
მისი თქმით, კიდევ 100 მილიონი დოლარი გამოიყოფა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო საჭიროებების მხარდასაჭერად და 300 მილიონი აშშ დოლარი კი სამართალდამცველების მხარდასაჭერად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კანონისა და წესრიგის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის.
"ჩვენ გამნაღმველი აღჭურვილობისა და ჯავშანტექნიკის პირველ პარტიას ვუგზავნით უკრაინელ მესაზღვრეებსა და პოლიციას, რომელთაგან ზოგიერთს ხვალ შევხვდები. და ჩვენ უკრაინას კრიტიკულ დახმარებას ვუწევთ ნაღმების გაწმენდაში." - თქვა მან.
"უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც დღეს ვაცხადებთ, ასევე გაძლიერდება ამ შემოდგომაზე ამერიკული Abrams-ის ტანკების ჩასვლით და შეერთებულ შტატებში უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე წვრთნით, რაც ავსებს იმ სწავლებას, რომელიც უკვე მიმდინარეობს ევროპაში," - აღნიშნა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში ოთხშაბათს დილით ჩავიდა.