ამის შესახებ „ბერლინერ ცაიტუნგი“ იუწყება.

„ფოლკსვაგენ გოლფი“ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იდგა ბერლინ-ბრანდერბურგის აეროპორტის შენობის შესასვლელთან არსებულ პარკინგზე, სადაც ავტომობილის მცირე ვადით (10 წუთამდე) გაჩერება უფასოა, თუმცა დროულად პარკინგიდან გაუსვლელობის შემთხვევაში გადასახადი საათში 23 ევრომდე აღწევს. პარკინგის მომსახურე კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, პარკირების გადაუხდელმა გადასახადმა ამ დროისთვის 201 480 ევრო შეადგინა, თუმცა ჯერჯერობით თანხის ამოღება არ ხერხდება.

მიზეზი ისაა, რომ უცნობია მანქანის მფლობელის ვინაობა. კოტბუსის პოლიციის ცნობით, არც ავტომობილი და არც სანომრე ნიშნები ავტოსაგზაო შემთხვევაში არ ფიგურირებს. ასევე ცნობილია, რომ სანომრე ნიშანი ჰანოვერშია გაცემული. თუმცა, ასევე გაირკვა, რომ ამ დროისთვის ავტომობილი აღრიცხვიდან მოხსნილია და შესაძლებელია, ასეთი ნომრით სხვა ავტომობილი მოძრაობდეს.

მფლობელის ვინაობის არცოდნის გამო პარკინგის კომპანია ავტომობილის ევაკუირებას ქალაქის საზოგადოებრივ პარკინგზე გადაყვანას ვერ ახერხებდა და როგორც „ბერლინერ ცაიტუნგი“ წერს, კომპანიამ მხოლოდ ახლა, აეროპორტის ადმინისტრაციასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ მიაღწია შეთანხმებას ავტომობილის გადაყვანის შესახებ.


მოხერხდება თუ არა პარკირების გადასახადის ამოღება დამოკიდებულია მოვალის იდენტიფიცირებაზე. როგორც კი შევძლებთ მოვალის პოვნას, მისი ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით დავიწყებთ მასთან მოლაპარაკებას, - ამბობს პარკინგის მომსახურე კომპანიის წარმომადგენელი.