პალესტინელებისთვის სახელმწიფოს მინიჭება 7 ოქტომბრის შემდეგ იგივეა, რაც 11 სექტემბრის შემდეგ „ალ-ქაიდისთვის“ სახელმწიფოს მინიჭება, თქვენი ქმედებება ჯილდოა შეუწყნარებელი ფანატიკოსებისთვის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს, თუმცა, მისი თქმით, ეს მხარდაჭერა „აორთქლდა“ მას შემდეგ, რაც ისრაელმა გააკეთა ის, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა ასეთი სასტიკი თავდასხმის შემდეგ.

როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, მსოფლიო ლიდერები აჰყვნენ მიკერძოებულ მედიას, რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებს და ანტისემიტურ ჯგუფებს.

„არსებობს ცნობილი გამოთქმა: „როდესაც საქმე რთულდება, ძლიერები იწყებენ მოქმედებას. აქ მყოფი ბევრი ქვეყნისთვის, როდესაც საქმე რთულდება, ისინი ნებდებიან და აქ არის ამ მარცხის სამარცხვინო შედეგი“,  – აღნიშნა ნეთანიაჰუმ

ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა რამდენიმე სახელმწიფოს მიერ პალესტინის აღიარების გადაწყვეტილება და ამას სირცხვილი და სიგიჟე უწოდა.

„თქვენი სამარცხვინო გადაწყვეტილება ყველგან წაახალისებს ტერორიზმს ებრაელებისა და უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ. ეს ყველა თქვენგანისთვის სირცხვილის ნიშანი იქნება. თქვენი ქმედებებით ჯილდოს აძლევთ შეუწყნარებელ ფანატიკოსებს, რომლებმაც შაბათის ხოცვა-ჟლეტა განახორციელეს და მხარი დაუჭირეს. იერუსალიმიდან ერთი მილის დაშორებით პალესტინელებისთვის სახელმწიფოს მინიჭება 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ  იგივეა, რაც 11 სექტემბრის შემდეგ „ალ-ქაიდისთვის“ სახელმწიფოს მინიჭება ნიუ-იორკიდან ერთი მილის დაშორებით“,  – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

გაერო-ს ტრიბუნიდან ნეთანიაჰუმ უარყო ბრალდებები, რომ ისრაელს მიზანმიმართულად ჰყავს მშვიდობიანი მოქალაქეები სამიზნედ ქცეული. მისი თქმით, სინამდვილე აბსოლუტურად საპირისპიროა. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელმა მილიონობით ფლაერი ჩაყარა ღაზაში, რომლებითაც მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებდა.

როგორც ისრაელის ლიდერმა აღნიშნა, „ჰამასი“ მეჩეთებს, სკოლებს, საავადმყოფოებს აფარებს თავს და მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. ღაზაში გენოციდის ბრალდებებზე საპასუხოდ, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა, რომელიც გენოციდს სჩადის, არ სთხოვს მოსახლეობას, ქალაქიდან უსაფრთხოდ გასვლას. მან უარყო ბრალდებები, რომ ისრაელის გამო ღაზაში მოსახლეობა შიმშილობს. პრემიერის თქმით, თუ რომელიმე ღაზელს არ აქვს საკვები, ეს იმიტომ, რომ „ჰამასი“ ართმევს და ყიდის მას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას გაერო-ს გენერალური ასამბლეის დარბაზი დელეგატთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თარგმანი: პირველი არხი