რუსეთში, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა. ვიდეო რუსულ და უკრაინულ Telegram არხებზე გავრცელდა.
ამ ფაქტს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა "ინციდენტი" უწოდა და თქვა, რომ ადგილზე გადაუდებელ სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობდნენ.
რუსული Telegram არხი 112 წერს, რომ ბორტზე იმყოფებოდა 75 ადამიანი, "ყველა დაიღუპა, პერიმეტრი სამხედროებმა შემოფარგლეს, თვითმფრინავის ნამსხვრევები კი რამდენიმე კილომეტრზეა მიმოფანტული".
"Ил-76 კოროჩანში ჩამოვარდა ბელგოროდის აეროდრომიდან აფრენისთანავე. ეკიპაჟმა მოახერხა არსებითი დაზიანების შესახებ შეტყობინების მიწოდება" – წერს Cheka-OGPU წყაროზე დაყრდნობით.
თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. სამხედრო უწყების ცნობით, შემთხვევა მოსკოვის დროით დაახლოებით, 11:00 საათზე მოხდა. "ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 დატყვევებული სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც გადაიყვანეს ბელგოროდის რეგიონში გაცვლის მიზნით, ასევე ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი".
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან "უკრაინსკაია პრავდას" წყაროებმა აცნობეს, რომ ჩამოვარდნილ თვითმფრინავში უკრაინის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ, თვითმფრინავს გადაჰქონდა S-300–ის რაკეტები, რომლებსაც რუსული არმია ხარკოვის რეგიონში ისვრის. გამოცემის წყარომ რუსული თვითმფრინავის განადგურებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების წვლილიც აღნიშნა.