Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა სირიას ახალი უსაფრთხოების შეთანხმების დეტალური წინადადება წარუდგინა, რომელიც დამასკოს სამხრეთით დემილიტარიზებული ზონების რუკასაც მოიცავს.

Axios-ის ცნობით, სირიას ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია ისრაელის მხრიდან რამდენიმე კვირის წინ წარდგენილ წინადადებაზე და სანაცვლოდ საპასუხო წინადადებაზე მუშაობს. 

წყაროების მიხედვით, ისრაელის სტრატეგიული საკითხების მინისტრი რონ დერმერი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ალ-შაიბანი წინადადების განხილვას 17 სექტემბერს ლონდონში, აშშ-ს წარმომადგენლის, ტომ ბარაკის, თანდასწრებით გეგმავენ. 

ისრაელს სირიის ახალ მთავრობასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ივლისში ისრაელის საჰაერო ძალებმა დამასკოში სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობებიც დაბომბა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ აჰმედ ალ-შარაასთან, რომელმაც გასული წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო, უფრო მეგობრული მიდგომის გზა აირჩია და ფარულად ისრაელსა და სირიას შორის დიპლომატიის ხელშეწყობასაც ცდილობს. 

Axios წერს, რომ ახალი უსაფრთხოების შეთანხმების, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დანიშნულება იქნება, ჩაანაცვლოს ისრაელსა და სირიას შორის 1974 წელს დადებული შეთანხმება, რომელიც ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელმა "სირიაში წესრიგის აღდგენამდე" მნიშვნელობადაკარგულად გამოაცხადა, რასაც ისრაელის მიერ სირიული საზღვრის მხარეს არსებული ბუფერული ზონის ოკუპაცია მოჰყვა. 

წყაროების თქმით, ისრაელის წინადადება ეფუძნება 1979 წელს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომლითაც სინაის ნახევარკუნძული სამ ზონად გაიყო და განისაზღვრა სხვადასხვა დემილიტარიზაციის დონე და განსხვავებული უსაფრთხოების შეთანხმებები იმის მიხედვით, თუ რამდენად იყო თითოეული ზონა ისრაელის საზღვრიდან დაშორებული. 

ისრაელის წინადადების მიხედვით, დამასკოს სამხრეთ-დასავლეთით ტერიტორია სამ ზონად გაიყოფა და თითოეული ზონის მიხედვით სირიული მხარე სხვადასხვა დონის ძალებისა და იარაღის განთავსებას შეძლებს. 

Axios-ის ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში ისრაელი სირიის მხარეს ბუფერული ზონის 2 კილომეტრით გაფართოებას მოითხოვს. ამასთან, სირიის მხარეს არსებული ბუფერული ზონის გასწვრივ, ისრაელის საზღვრის სიახლოვეს, არ იქნება დაშვებული სამხედრო ძალებისა და მძიმე შეიარაღების განთავსება. თუმცა, სირია აღნიშნულ ზონაში პოლიციისა და შიდა უსაფრთხოების ძალების განთავსებას შეძლებს. 

ერთ-ერთ წყაროს თქმით, შესაძლო შეთანხმება ასევე გულისხმობს დამასკოს სამხრეთ-დასავლეთით ისრაელის საზღვრამდე მთელ ტერიტორიაზე სირიული თვითმფრინავებისთვის ფრენის აკრძალვას. სირიულ მხარეს შეზღუდვების სანაცვლოდ, შეთანხმების ფარგლებში ისრაელი გამოდის წინადადებით, დატოვოს ყველა ის ტერიტორია, რომელიც ოკუპაციის ქვეშ ბოლო თვეების განმავლობაში მოაქცია, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ჰერმონის მთის მწვერვალზე არსებული პოსტისა. 

Axios-თან საუბრისას წყარომ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის მხარის წინადადების მთავარ პრინციპს წარმოადგენს, რომ ისრაელმა სირიის გავლით ირანამდე საჰაერო დერეფანი შეინარჩუნოს, რაც სამომავლოდ ისრაელს ირანზე საჰაერო იერიშების მიტანის საშუალებას მისცემს. 

ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაინტერესებულია, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრა გამართოს, თუმცა წყაროს მიხედვით, ამ ეტაპზე, ამის შესაძლებლობა დაბალია.