დონალდ ტრამპი ცეცხლის შეწყვეტაზე უარის შემთხვევაში რუსეთს მკაცრი საბანკო სანქციების დაწესებით დაემუქრა და რუსეთს და უკრაინას მოუწოდა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები. ამის შესახებ გამოცემა Axios წერს.

ტრამპის მეორე ინაუგურაციის შემდეგ ეს არის პრაქტიკულად პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტი რუსეთს სანქციების დაწესებით ან გამკაცრებით ემუქრება. 

გამოცემა Axios თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის რიტორიკის ცვლილების მიზეზი შესაძლოა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე გახშირებული სარაკეტო თავდასხმები იყოს. 

"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ამჟამად აბსოლუტურად „ანადგურებს“ უკრაინას ბრძოლის ველზე, მე სერიოზულად განიხილავ რუსეთისთვის ფართომასშტაბიანი საბანკო სანქციების, დამატებითი სანქციებისა და ტარიფების დაწესებას, რომლებიც ძალაში დარჩება მანამ, სანამ ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული. რუსეთო და უკრაინავ, დაუყოვნებლივ დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან, სანამ ძალიან გვიან არ არის. გმადლობთ".

გასული 48 საათის განმავლობაში საოკუპაციო არმიამ უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო და დრონების თავდასხმები განახორციელა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც. 

"გასულ დღეებში რუსეთის ქცევამ პრეზიდენტი განარისხა"- ამბობს გამოცემასთან თეთრი სახლის მაღალჩინოსანი, რომელმაც საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ანონიმურობა ითხოვა.