ავსტრიის პოლიციის ცნობით, პარასკევს ვენაში 5 ქალი მოკლეს.
ერთი დღის განმავლობაში ხუთი დღის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოსახლეობაში შიშმა და გაურკვევლობამ დაისადგურა.
პარასკევ საღამოს, ბორდელში დანით სამი ქალის მკვლელობის შემდეგ, დილით პოლიციამ ერდბერგშტრასეზე მდებარე სახლში 51 წლის ქალი და მისი 13 წლის ქალიშვილი გარდაცვლილი იპოვა.
პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციას გარდაცვლილების დედა და ბებია დაუკავშირდა და აცნობა, რომ ვერ ახერხებდა მათთან დაკავშირებას. მითითებულ მისამართზე მისვლისას პოლიციამ, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მოკლული დედა-შვილი ნახა.
პოლიცია მკვლელობის შემდეგ გაუჩინარებულ გარდაცვლილების მეუღლეს და მამას ეძებს.
ერთი დღის განმავლობაში ხუთი ქალის მკვლელობა ფართო საჯარო მსჯელობის საგანი გახდა. ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქალთა ფედერალური მოძრაობის ლიდერი ევა-მარია ჰოლცლაიტნერი ქალების ბოლო მკვლელობებს ფედერალური მთავრობისადმი მიმართვით გამოეხმაურა და კრიზისული შეხვედრის ჩატარების და ძალადობისაგან დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა.
„ვგლოვობთ მოკლულ ქალებს, ვფიქრობთ გადარჩენილებზე და მოვუწოდებთ ძალადობისაგან დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის საბოლოოდ განხორციელებისკენ. დაიცავით ქალების სიცოცხლე ავსტრიაში“, - აცხადებს ჰოლცლაიტნერი.
diepresse-ს ცნობით, ავსტრიაში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას და ავსტრია ქალების მკვლელობების მაღალი რაოდენობით ევროპაში გამორჩეულია.