აშშ-ს სენატმა რობერტ კენედი უმცროსი აშშ-ს ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცა. CNN-ის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას მხარი 52-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 48 კონგრესმენმა.
რესპუბლიკელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული კენედის კანდიდატურა უარყო ყველა დემოკრატმა სენატორმა, ისევე როგორც, რესპუბლიკური პარტიის ჯგუფის ყოფილმა ლიდერმა სენატში მიჩ მაკკონელმა.
Reuters წერს, რომ კონგრესმენებმა 71 წლის კენედი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ორდღიანი მოსმენების შემდეგ დაამტკიცეს. დემოკრატებმა კენედი შეთქმულების თეორიების გავრცელებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, კენედის ეჭვი შეჰქონდა სიცოცხლის გადამრჩენი წამლების ეფექტურობაში და ფინანსური ინტერესი ჰქონდა ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში. კენედიმ უარყო პრეტენზია. მან პირობა დადო, რომ დაცული იქნება ვაქცინაციის არსებული პროგრამები.
რობერტ კენედი უმცროსი შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილია. ის ცნობილია, როგორც ანტივაქსერი, აქტიურად ეწინააღმდეგებოდა Covid-ის ვაქცინაციას და ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის ვაქცინაცია იწვევს სიკვდილს.