ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტი, რომლის მოცულობამ 886 მილიარდ დოლარს მიაღწია. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 87-მა სენატორმა. 13 წინააღმდეგი იყო.
2023 წელთან შედარებით, თავდაცვის ბიუჯეტი 28 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი. ხარჯებს შორისაა სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასის 5,2%-ით გაზრდა.
კანონპროექტი დასამტკიცებლად გადაეცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატას. მოსალოდნელია, რომ კონგრესმენები თავდაცვის ბიუჯეტს ამ კვირის ბოლომდე მიიღებენ, რის შემდეგაც კანონს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს ხელს.
შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტში უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს. თეთრმა სახლმა კონგრესი გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები. მედიის ცნობით, ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტის მისაღებად "მნიშვნელოვან კომპრომისებზე" წასვლა დააანონსა.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ – 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.