ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემდეგ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილებები ამ ქვეყნებს და მათ ხალხს აძლევს იმედს და სტიმულს რეფორმების გასაგრძელებლად. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ეს ისტორიული მომენტია ევროპისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის.
"აშშ მტკიცედ განაგრძობს ევროკავშირის გაფართოების პროცესის მხარდაჭერას, ასევე – კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საჭირო უმნიშვნელოვანესი რეფორმების განსახორციელებლად და მოუწოდებს, ეს მომენტი გამოიყენონ დემოკრატიული და ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციისა და ევროპაში თავისი მომავლის უზრუნველსაყოფად", – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.