აშშ და ლატვია ადასტურებენ ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე თავიანთი სამხედროების ყოფნის შესახებ, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ.
როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განმარტა, უკრაინაში, ამერიკის საელჩოში წარმოდგენილია მცირე სამხედრო კონტინგენტი, რომელიც თავდაცვის ატაშეს ოფისთან ერთად მუშაობს. ბრძოლის ველზე კი ამერიკელი სამხედროები არ იმყოფებიან.
ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი ლატვიელი სამხედროები საელჩოს და ტვირთის გადაადგილების უსაფრთხოებას იცავენ. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ნათქვამია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე დასავლური ქვეყნის, მათ შორის ამერიკისა და ლატვიის სამხედროები იმყოფებიან.