გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების განსახილველად კიევში ჩავიდა. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეთანხმების გაგრძელებისა და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავს.

არსებული შეთანხმების ვადა, რომელიც შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტს ითვალისწინებს, 18 მარტს იწურება. ამ შეთანხმების გაგრძელებაზეა დამოკიდებული გლობალური ფასების შენარჩუნება და საკვები პროდუქტების დეფიციტის აღმოფხვრა, განსაკუთრებით კი, ღარიბ ქვეყნებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთანხმების პირობებს დასავლეთის ქვეყნები არ იცავენ და მოითხოვს, ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში გათვალისწინებული იყოს რუსული სასოფლო-სამეურნეო ინტერესები.