აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დავა მოიგო.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება) განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობის შესახებ არაეფექტური გამოძიების ჩატარებით და უკანონო ტრანსპორტირებით აზერბაიჯანში; თუმცა, სასამართლომ არ დაადგინა მე-3 და მე-5 მუხლების „მატერიალური დარღვევა“ (არასათანადო მოპყრობასა და დაკავებასთან დაკავშირებით).
სასამართლომ დაადგინა აზერბაიჯანის მიერ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პიროვნების უსაფრთხოების უფლება), რომლის მიხედვითაც დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარდგეს მოსამართლის, ან კანონით მინიჭებული სასამართლო უფლებამოსილების მქონე სხვა თანამდებობის პირის წინაშე; აზერბაიჯანს დაუდგინდა მე-8 მუხლის დარღვევა (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება).
ევროსასამართლომ საქართველოს მუხთარლისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას - 8 500 ევროს არამატერიალური ზიანის, იურიდიული ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად (სულ 21 000 ევრო).
აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ იგი აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მას აზერბაიჯანის სასამართლომ თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
როგორ აღმოჩნდა მუხთარლი თბილისიდან აზერბაიჯანულ ციხეში, ქართულ გამოძიებას არ დაუდგენია, თავად მუხთარლი კი ამტკიცებს, რომ ის პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს და გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე.