ვაკის რაიონის გამგეობის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, მიმდინარე წელს სხვადასხვა უბანში 277 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა.

კერძოდ, 27 მისამართზე დაფინანსდა წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის განახლება, რაც შეეხება ლიფტებს - 99 განახლების პროექტი დაფინანსდა. 
გარდა ამისა, გამოიცვალა 94 მრავალბინიანი კორპუსის სახურავი და წყალსაწრეტი მილი, დაფინანსდა 35 სადარბაზოს შესასვლელი კარის განახლება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 კიბეს და 5 სართულშუა ნაპრალს.  

საერთო ჯამში, 277 სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაზე გამგეობის ბიუჯეტიდან 6 661 931 ლარია გათვალისწინებული. 
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.