სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა აშშ-ის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეამცირა აშშ-ის მთავრობის ვალის ზრდის გამო.
პარასკევს, Moody's-მა რეიტინგი Aaa-დან Aa1-მდე შეამცირა. Moody's-ის კონკურენტებმა Fitch Ratings-მა და S&P Global Ratings-მა მსგავსი რეიტინგი უფრო ადრე დასწიეს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს უდიდესმა ეკონომიკამ დაკარგა უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი.
აშშ-ის რეიტინგის „Aa1“-მდე დაქვეითებით, Moody's-მა განაცხადა, რომ აშშ-ის ერთმანეთის მომდევნო ადმინისტრაციებმა ვერ შეძლეს მზარდი დეფიციტისა და საპროცენტო ხარჯების შეჩერება.
Aaa რეიტინგი ქვეყნის შესაძლო უმაღლეს კრედიტუნარიანობას ნიშნავს და მიუთითებს, რომ ის ძალიან კარგ ფინანსურ მდგომარეობაშია და აქვს ვალების დაფარვის მაღალი უნარი.
Moody's-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეიტინგის დაქვეითება „ასახავს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფო ვალის და პროცენტის გადახდის კოეფიციენტების ზრდას იმ დონემდე, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებს“.
უფრო დაბალი საკრედიტო რეიტინგი ნიშნავს, რომ ქვეყნები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სუვერენული ვალის გადახდისუუნარობისკენ და, როგორც წესი, სესხის აღების უფრო მაღალი ხარჯების წინაშე დგანან.
ეს კვირა საინტერესო იქნება“, - წერს ფრედ ჰიკი, ტექნოლოგიური აქციების დიდი ხნის მიმომხილველი და The High-Tech Strategist-ის რედაქტორი და Moody's-ის მიერ აშშ-ის რეიტინგის დაქვეითებას „პარასკევს საღამოს ბომბს“ უწოდებს. მისი თქმით, მოსალოდნელია ობლიგაციებისა და დოლარის ღირებულების ვარდნა და ოქროს ფასის ზრდა.