კონკურენციის სააგენტოს იშვიათი გაფართხალება მხოლოდ მთავრობის დავალებით ხდება. ასე ამოწმებდნენ თვეების განმავლობაში პურის ბიზნესს, სადაც ვერაფერი იპოვეს, შიში და მორჩილება კი დანერგეს. ეს მორჩილება საბოლოოდ პოლიტიკურ ლოიალობად ტრანსფორმირდება ხოლმე. - "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობიმპორტიორების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება.
"კონკურენციის სააგენტომ ნავთობიმპორტიორები 5 მილიონი ლარით დააჯარიმა ფასების კონტროლთან დაკავშირებული უკანონო შეთანხმებებისათვის. სასაცილო რიცხვია. თითოეულს რამდენი ასეული ათასი ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს, მაშინ როცა ასეულ მილიონობით ზედმეტი ლარი იქნა ამოღებული მომხმარებელთა ჯიბიდან წლების განმავლობაში.
ეს გადაწყვეტილება უფრო ნავთობკომპანიების წახალისებაა, ვიდრე დასჯა. მომავალ შემოწმებამდე კვლავ შეუძლიათ მომხმარებელთა ძარცვა. ეს ის კომპანიებია, რომლებიც არიან “ქართული ოცნების” შემომწირველები.
2015 წელს ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა 55 მილიონი ლარით დააჯარიმა იგივე კომპანიები. სასამართლოებში მათ ყველა დავა მოიგეს( რა თქმა უნდა, მთავრობის დახმარებით) და მხოლოდ მცირეოდენი, სიმბოლური ჯარიმის გადახდას დასჯერდნენ, მაშინდელი ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი კი რამდენიმე თვის შემდეგ გაანთავისუფლეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მაშინ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ნავთობკომპანიები საკუთარი ინიციატივით შეამოწმა, ახლა კი კონკურენციის სააგენტომ ღარიბაშვილის სიტყვიერი მითითების საფუძველზე დაიწყო მოკვლევა, რაც დამოუკიდებელი უწყების საქმიანობაში უკანონო ჩარევაა. შედეგად, ამ კომპანიების დანდობისათვის და მომავალი შემოწმების შიშით, ისინი ვალდებული ხდებიან შეიტანონ ფული წინასაარჩევნოდ პარტიულ ( და არა მარტო პარტიულ) ყულაბაში.
კონკურენციის სააგენტოს იშვიათი გაფართხალება მხოლოდ მთავრობის დავალებით ხდება. ასე ამოწმებდნენ თვეების განმავლობაში პურის ბიზნესს, სადაც ვერაფერი იპოვეს, შიში და მორჩილება კი დანერგეს. ეს მორჩილება საბოლოოდ პოლიტიკურ ლოიალობად ტრანსფორმირდება ხოლმე." - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.