პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დღევანდელი საპროტესტო აქციისთვის ოპოზიციონერ ლიდერებს მაქსიმალური მობილიზება აქვთ გამოცხადებული. მისი თქმით, რეგიონებიდან მომავალ ხალხის ნაწილს მათი ოპონენტები 20-25 ლარს უხდიან.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ამით მათი ოპონენტების ცდილობენ უცხოელ უფროსებს დაუმტკიცონ, რომ, არჩევნებზე წაგების მიუხედავად, აქციაზე ხალხის გამოყვანის ძალა მაინც აქვთ შერჩენილი.

"აქვთ სრული მობილიზება გამოცხადებული რეგიონებში, სოფლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც კი ყველაზე ერთგული მომხრეები ჰყავთ. აბსოლუტურად ყველას ჩამოყვანას აპირებენ, მთელი საქართველოდან. მაინც, არ მგონია, მაინცდამაინც შთამბეჭდავი ციფრი იყოს იმ ადამიანების, რომლებიც დღეს შეიკრიბებიან, უბრალოდ, სრული მობილიზება აქვთ. კონკრეტული ინფორმაციაც გვაქვს, რომ ფულსაც უხდიან, რაღაც 20-25 ლარზე არის საუბარი. კონკრეტულ ინფორმაციას ვფლობთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით. ამას აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ მათმა უცხოელმა უფროსებმა უკვე ძალიან სერიოზულად დაუქნიეს თითი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერში მოგეხმარეთო, წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩვენ ჩავატარეთო, პოსტსაარჩევნო მესიჯბოქსში ჩვენ გეხმარებოდითო, დაფინანსება ჩვენგან გაქვთო და ამის მიუხედავად არჩევნები ძალიან დიდი ანგარიშით წააგეთო და თქვენ იმის შნოც არ გაქვთ, რომ ხალხი შეკრიბოთ საპროტესტო აქციებზეო. შესაბამისად, დღეს აქვთ ბოლო გაფართხალება იმასთან დაკავშირებით, რომ გარე პატრონებს დაუმტკიცონ, რაღაც შეუძლიათ და არ შეუწყვიტონ რაღაც დაფინანსებები და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი მათთვის ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქციაა დაანონსებული.