კომპანიების 95%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დადებითი გავლენა ექნება მათ ბიზნესზე- ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპალატის ორგანიზებით  გამართულ კონფერენციაზე "ერვოკავშირის გაფართოება: ბიზნესის პერსპექტივები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

გიორგი პერტაია, როგორც ევროპალატის გაფართოებისა და სამეზობლო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე,  პირველ პლენარულ დისკუსიაზე მოხსენებით წარსდგა და  ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ბიზნეს პერსპექტივებზე ისაუბრა. 

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილ იმ სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების პროცესში.  ასევე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე  ბიზნეს წრეების როლზე .   

კონფერენციის ფარგლებში,  ევროპალატის წევრი ქვეყნების ბიზნეს წრეებში 
ევროკავშირის გაფართოების საკითხზე
ჩატარებული კვლევების , მათ შორის საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინეს. 

"ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით , ჩვენ ჩავატარეთ  ქართული კომპანიების გამოკითხვა  ევროპალატის კითხვარზე დაყრდნობით . 
ხაზგასასმელია, რომ ევროპალატის კველვაში ყველაზე აქტიურად მონაწილეობა  ქართულმა კომპანიებმა მიიღეს. გამოკითხული კომპანიების 95%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დადებითი გავლენა ექნება მათ ბიზნესზე"-განაცხადა პალატის პრეზიდენტმა.

აღნიშნული კონფენერენცია  ევროკავშირის გაფართოების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  ევროკავშირში გაფართოების საკითხებს მიეძღვნა.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი პერტაიამ, როგორც ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ფარგლებში გაფართოების კანდიდატის სტატუსის წევრმა, სამუშაო შეხვედრები გამართა ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წარმომადგენელთან და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან.