„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წელი 22 ბენეფიციარის მხარდაჭერით დაიწყო. სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია 3 ვეტერანსა და 19 სამხედრო მოსამსახურეს. ამისათვის ფონდიდან 105 006.54 ლარი გამოიყო, რომელიც გარდა სამხედროებისა, მოხმარდა მათ მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს, რასაც ითვალისწინებს ფონდის კრიტერიუმები.
ფონდმა დააფინანსა:
ერთი სარეაბილიტაციო კურსი - 2 100 ლარი
3 საზღვარგარეთ მკურნალობა - 64 847.05 ლარი
3 სამედიცინო ინვენტარის შეძენა - 10 721 ლარი
მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 956.24 ლარი
8 არასრულწლოვან შვილთა საჭიროებები - 14 599.86 ლარი
6 მეუღლეთა თანადგომა - 8 742.39
2 სასწავლო კურსის დონაცია - 3 040 ლარი
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს დაფუძნდა სილქნეტის მხარდაჭერით. კომპანია ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს ფონდის ანგარიშზე და მხარში უდგას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს და საერთაშორისო მისიებში მონაწილე დაჭრილ - დაშავებულ სამხედროებს.
2024 წელს ფონდში დონაციები განახორციელა არაერთმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა. გარდა ამისა, ფონდს საქველმოქმედო საქმიანობით მხარში უდგანან საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არის მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი Invictus Games Foundation, ასევე, დიპლომატიური კორპუსი. სხვადასხვა დროს ჩატარდა ფონდის მხარდასაჭერი სპორტული აქციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ინიციატივით. ასევე, საფრანგეთის საელჩომ უზრუნველყო ვეტერანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციამ გასულ წელს ლისის ტბაზე მოაწყო საქველმოქმედო გარბენი. ამ აქტივობებიდან შემოსული თანხები სრულად გადაირიცხა ფონდში, რამაც კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ქველმოქმედების მასშტაბის გაზრდას და ცნობადობის ამაღლებას.
წელს ფონდს კიდევ ერთი მეგობარი შეუერთდა „პალიტრა მედიას“ სახით. ჰოლდინგში შემავალმა გამომცემლობა „პალიტრა L“-მა ბიბლუსის მაღაზიებში გამართა საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც წიგნის გაყიდვებიდან შემოსული თანხა - 3 000 ლარი ფონდის ბიუჯეტში გადარიცხა, რაც სრულად მოხმარდება დაჭრილ ვეტერანებს, სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს.
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“- ასეთია ფონდის მთავარი გზავნილი. ქვეყნისთვის საამაყო ადამიანების თანადგომის გამოსახატად გახსნილია საბანკო ანგარიშები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დონაციაში ჩართვა. ასევე შესაძლებელია საქველმოქმედო ნომერზე - 0 901 777 771 დარეკვა, ერთი ზარი - ერთი ლარი. შემოსული თანხები სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე.